ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა. ამჯერად ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.
"მე ღრმად აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიტყვებითა და ნამდვილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის პასუხით ფალსიფიცირებული ბრალდებებით ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს რუსეთის გარდა.
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს საქართველო, მაგრამ ძალიან მიყვარს უკრაინაც, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები და მოქალაქეობა, რომელსაც დიდად ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ თქვენ მიერ შექმნილ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში ჩემი მცირედი ცვლილი შევიტანე.
ვინაიდან, ფაქტობრივად, პუტინის პირადი პატიმარი ვარ, დიდად ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ტყვეების დაცვასთან დაკავშირებით", - წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნდეს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ საკითხში იქნება ჩართული ყველა - როგორც ელჩების, ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.